მოვაჭრის შიდა პოლიტიკა

1. მიზანი

1.1. მოვაჭრის შიდა პოლიტიკის მიზანია განსაზღვროს მოვაჭრის მომხმარებელთან ურთიერთობის ზოგადი საკითხები და პროცედურები; ასევე მოვაჭრის მიერ თავის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

1.2. პოლიტიკის მიზანი არ არის აღწეროს ყველა შესაძლო სიტუაცია ან უპასუხოს მოვაჭრის მომხმარებელთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, არამედ ის ეხმარება მოვაჭრეს, მის მიერ დასაქმებულ პირებს და თავად მომხმარებლებს, უკეთ გაერკვეს მოვაჭრის  ღირებულებებში, სავალდებულო წესებსა და პროცედურებში.

1.3. მოვაჭრე იტოვებს უფლებას შეცვალოს ან გააუქმოს პოლიტიკით გაწერილი პოლიტიკა და პროცედურები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. პოლიტიკის შეცვლილ დებულებებს უპირატესობა მიენიჭება შეცვლამდე არსებულ პოლიტიკის დებულებებთან მიმართებით.

2. ტერმინთა განმარტება

ამ პოლიტიკის მიზნებისთვის პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იდენტური მნიშვნელობა, რაც არის გათვალისწინებული მომხმარებლების უფლებათა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით.

3. სამომხმარებლო ურთიერთობებში დისკრიმინაციის დაუშვებლობა

3.1. საჯაროდ შეთავაზებული საქონლის ან მომსახურების ხელმისაწვდომობის ან მიწოდების დროს მომხმარებლის დისკრიმინაცია დაუშვებელია.

3.2. დისკრიმინაციად არ მიიჩნევა პირებისადმი არათანაბარი მოპყრობა, რომელიც გამართლებულია კანონიერი მიზნით, ამასთანავე, ამ მიზნის მიღწევის მექანიზმი აუცილებელი და თანაზომიერია.

3.3. თუ პირი, რომელიც თავს დისკრიმინირებულად მიიჩნევს, ისეთ ფაქტებს წარმოაჩენს, რომლებიც დისკრიმინაციის პრეზუმფციას ქმნის, მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება.

3.4. მომხმარებლის დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მას წარმოეშობა როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულება

4.1. ხელშეკრულების დადებამდე მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს შემდეგი უტყუარი და სრული ინფორმაცია (თუ ეს ინფორმაცია თავისთავად ცხადი არ არის):

ა) საქონლის ან მომსახურების დასახელების, მწარმოებლისა და საქონლის ან მომსახურების შესაბამისი არსებითი მახასიათებლების შესახებ, ინფორმაციის მატარებლის სპეციფიკის (მათ შორის, ზომის, შესაძლებლობების) გათვალისწინებით;

ბ) მოვაჭრის ვინაობის (სახელწოდების) და მისამართის (იურიდიული მისამართის) შესახებ; არსებობის შემთხვევაში − მოვაჭრის ელექტრონული ფოსტის მისამართის, ფაქსისა და ტელეფონის ნომრების თაობაზე, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელს შეეძლება მოვაჭრესთან სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაცია; არსებობის შემთხვევაში − იმ მოვაჭრის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლის სახელითაც მოქმედებს აღნიშნული პირი;

გ) არსებობის შემთხვევაში − საქონლის შეცვლის, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების ობიექტის დასახელების შესახებ და მისი მისამართის თაობაზე, თუ ის განსხვავდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მისამართისგან;

დ) საქონლის ან მომსახურების ფასის შესახებ, ძირითადი ხარჯებისა და დამატებითი ხარჯების (მათ შორის, ტრანსპორტირების, გადაგზავნის, მონტაჟისა და სხვა) მითითებით, ხოლო თუ, საქონლის ან მომსახურების ბუნებიდან გამომდინარე, აღნიშნული ფასის წინასწარ გამოთვლა შეუძლებელია − მისი გამოთვლის წესის თაობაზე და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება დამატებითი ხარჯები წარმოიშვას;

ე) არსებობის შემთხვევაში − გადახდის, საქონლის ან მომსახურების მიწოდებისა და ვალდებულების შესრულების პირობების შესახებ და მოვაჭრის მიერ მომხმარებლის მოთხოვნის განხილვის წესის თაობაზე;

ვ) კანონისმიერი გარანტიის შესახებ, არსებობის შემთხვევაში − კომერციული გარანტიის თაობაზე, აგრეთვე მომხმარებლისთვის შემდგომი მომსახურების გაწევის პირობების შესახებ;

ზ) არსებობის შემთხვევაში − ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესახებ, ხოლო თუ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით არის დადებული ან ავტომატურად გრძელდება − ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობების თაობაზე;

თ) არსებობის შემთხვევაში − მომხმარებლის ვალდებულებებისა და მათი შესრულების მინიმალური ვადის/მოქმედების ხანგრძლივობის შესახებ;

ი) ციფრული შინაარსის ფუნქციური მახასიათებლების შესახებ, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში − მისი დაცვისთვის გამოყენებული ტექნიკური საშუალებების თაობაზე, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − ციფრული შინაარსის აპარატულ ან პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადობის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მოვაჭრემ იცის ან უნდა სცოდნოდა;

კ) არსებობის შემთხვევაში − ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობების შესახებ.

5. ინფორმაცია საქონლის ან მომსახურების ფასის შესახებ

5.1. მოვაჭრე ვალდებულია უზრუნველყოს საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი ფასისა და ერთეულის ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება. ერთეულის ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ იგი გასაყიდი ფასის იდენტურია.

5.2. ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ:

ა) საქონლის მიწოდება მომსახურების ნაწილია;

ბ) საქონელი საჯარო აუქციონზე იყიდება;

გ) გასაყიდად წარდგენილია ხელოვნების ნიმუში ან ანტიკვარული ნივთი.

5.3. იმ საქონელზე, რომელიც წინასწარ შეფუთული არ არის და მომხმარებლის თვალწინ აიწონება ან აიზომება, საკმარისია მხოლოდ ერთეულის ფასის მითითება.

5.4. რეკლამაში, რომელშიც მითითებულია გასაყიდი ფასი, უნდა მიეთითოს აგრეთვე ერთეულის ფასი.

6. საქონლის მიწოდება

6.1. მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს საქონელი დაყოვნების გარეშე, მაგრამ ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6.2. თუ მოვაჭრემ ვალდებულება მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ შეასრულა, მომხმარებელმა მოვაჭრეს უნდა განუსაზღვროს გონივრული დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6.3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ აშკარაა, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნება, ან მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულება საქონლის დროულად მიღებას დაუკავშირა.

6.4. თუ მომხმარებელს საქონელი იმის გამო არ მიეწოდება, რომ იგი ხელმისაწვდომი არ არის, მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ.

7. საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი

7.1. გაყიდული საქონლის მომხმარებლისთვის გადაცემისას მასზე გადადის საქონლის შემთხვევით განადგურების ან გაფუჭების რისკი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

7.2. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საქონლის მომხმარებლისთვის გაგზავნა, იმ მომენტიდან, როდესაც მომხმარებელი ან მის მიერ უფლებამოსილი მესამე პირი (გარდა გადამზიდავისა) საქონელზე ფაქტობრივ მფლობელობას მოიპოვებს, საქონლის შემთხვევით განადგურების ან გაფუჭების რისკი მომხმარებელზე გადადის.

7.3. თუ გაყიდულ საქონელს მომხმარებლის დავალებით გადამზიდავი აგზავნის, საქონლის გადამზიდავისთვის მიწოდების მომენტიდან საქონლის შემთხვევით განადგურების ან გაფუჭების რისკი მომხმარებელზე გადადის.

8. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები

8.1. მოვაჭრეს ეკრძალება, საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებისთვის მომხმარებელს იმაზე მეტი საფასური გადაახდევინოს, ვიდრე თვითონ იხდის.

8.2. თუ მოვაჭრემ საკონტაქტოდ ტელეფონის ნომერი მიუთითა, მან მომხმარებელს ამ ტელეფონის ნომრით მასთან დასაკავშირებლად კომუნიკაციისთვის დადგენილ ტარიფზე მეტი არ უნდა გადაახდევინოს. აღნიშნული პირობა არ გამორიცხავს სატელეკომუნიკაციო მომსახურების გამწევის უფლებას, ასეთი მომსახურების გაწევისთვის საფასური დააწესოს.

8.3. ხელშეკრულების დადებამდე მოვაჭრემ მომხმარებლისგან უნდა მიიღოს მკაფიოდ გამოხატული თანხმობა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების შესრულებისთვის დადგენილი ფასის გარდა, დამატებითი ხარჯების ანაზღაურებაზე. თუ მოვაჭრეს მომხმარებლისგან მკაფიოდ გამოხატული თანხმობა არ მიუღია, მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებით გადახდილი თანხის დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ მას დამატებითი ხარჯების ანაზღაურებაზე უარი არ უთქვამს (ნაგულისხმები პარამეტრები არ უარუყვია).

9. დისტანციური ხელშეკრულება და სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულება

9.1. დისტანციური ხელშეკრულების ან სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში მოვაჭრე ვალდებულია ხელშეკრულების დადებამდე მომხმარებელს მიაწოდოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაცია სრულად.

9.2. მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება:

ა) მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან;

ბ) ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;

გ) მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;

დ) საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.

9.3. მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას არ დაეკისრება არანაირი ხარჯის (მათ შორის, მიწოდების ხარჯის) გაწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული სტანდარტული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩია ან საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან. საქონლის ფასის შემცირების შედეგად წარმოშობილი სხვაობის დაფარვის ვალდებულება მომხმარებელს არ დაეკისრება, თუ მოვაჭრემ მას ამ კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შესახებ სრული ინფორმაცია არ მიაწოდა.

9.4. მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.

9.5. მომხმარებელი ვალდებულია მოვაჭრეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში გაუგზავნოს შევსებული ფორმა ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დადგენილ ვადაში განხორციელების მტკიცების ტვირთი მომხმარებელს ეკისრება.

9.6. მოვაჭრეს არ აქვს უფლება, ამ მუხლის 9.5. პუნქტით გათვალისწინებული ფორმის შევსებისას ხელშეკრულებაზე უარის თქმისთვის მომხმარებელს მოსთხოვოს შემდეგ ინფორმაციაზე მეტი:

ა) მოვაჭრის მიერ მითითებული სახელი, ფაქტობრივი მისამართი, ფაქსის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ბ) შეკვეთის თარიღი;

გ) შეკვეთის მიღების თარიღი;

დ) მომხმარებლის სახელი;

ე) მომხმარებლის მისამართი;

ვ) მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა ქაღალდზეა შევსებული);

ზ) ფორმის შევსების თარიღი.

9.7. მოვაჭრეს უფლება აქვს, ამ მუხლის 9.5. პუნქტით გათვალისწინებული ფორმა ელექტრონულად ჩაიბაროს. აღნიშნული ფორმის ჩაბარების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდება დაუყოვნებლივ, ხანგამძლე მატარებელზე.

9.8. მომხმარებელს შეუძლია ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, თუ მან ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინება მოვაჭრეს აღნიშნული ვადის ამოწურვამდე გაუგზავნა. იმის მტკიცების ტვირთი, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება ამ მუხლის შესაბამისად განხორციელდა, მომხმარებელს ეკისრება.

9.9. თუ მოვაჭრე მომხმარებელს არ მიაწვდის ინფორმაციას ამ კანონით გათვალისწინებული საქონლის ან მომსახურების დაბრუნების უფლების შესახებ, აღნიშნული საქონლის ან მომსახურების დაბრუნება შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლიდან 12 თვის განმავლობაში.

9.10. თუ მოვაჭრემ მომხმარებელს ამ მუხლის 9.8. პუნქტით დადგენილი ვადის ათვლის მომენტიდან 12 თვის ვადაში მიაწოდა ინფორმაცია ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შესახებ, საქონლის ან მომსახურების დაბრუნების 7-დღიანი ვადა აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან აითვლება.

10. ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული გამონაკლისები

10.1. მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:

ა) მოვაჭრემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;

ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა;

გ) მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;

დ) მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;

ე) მას მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;

ვ) მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;

ზ) ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მომხმარებელმა მოვაჭრე გადაუდებელი სარემონტო/ტექნიკური მომსახურების გასაწევად გამოიძახა. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ ვიზიტის ფარგლებში აღნიშნული მომსახურების მიღმა გაწეულ დამატებით მომსახურებაზე;

თ) მიწოდებულ იქნა დალუქული აუდიო- ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;

ი) მიწოდებულ იქნა ჟურნალ-გაზეთები ან სხვა სახის პერიოდული გამოცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი/მისი მიწოდების საფუძველი სააბონენტო ხელშეკრულებაა;

კ) ხელშეკრულება საჯარო აუქციონის შედეგად დაიდო;

ლ) ხელშეკრულება დაიდო უძრავი ქონების არასაცხოვრებელი მიზნით გადაცემაზე, საქონლის გადაზიდვაზე, სატრანსპორტო საშუალების ქირავნობაზე, კვების ორგანიზებაზე ან დასვენებასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე და მასში მითითებულია ხელშეკრულების შესრულების განსაზღვრული თარიღი ან პერიოდი;

მ) მას ციფრული შინაარსი მიეწოდა არამყარი მატარებლით, ხელშეკრულების შესრულება მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ ამით დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;

ნ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ალკოჰოლური სასმელების მიწოდება, რომელთა ფასი შეთანხმდა ხელშეკრულების დადების მომენტში, ხოლო მიწოდება მოხდება 30 დღის შემდეგ, ამასთანავე, აღნიშნული ფასი დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ მერყეობაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს.

11. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები

11.1. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ან სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.

11.2. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრე ვალდებულია:

ა) მომხმარებელს გადახდილი თანხა, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. მოვაჭრე ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან მოვაჭრის მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან;

ბ) თანხა აანაზღაუროს გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს და მას დამატებითი ხარჯი არ წარმოეშობა.

11.3. ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება.

11.4. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:

ა) მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება;

ბ) გასწიოს მხოლოდ საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა ამ ხარჯის გაწევა ან მომხმარებელს არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქონლის დაბრუნების შემთხვევაში ეს ხარჯი წარმოიშობოდა. სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში, როდესაც საქონელი მომხმარებელს სახლში მიეწოდება, მოვაჭრე ვალდებულია საქონელი საკუთარი ხარჯით წაიღოს უკან, თუ, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, მისი ფოსტით გაგზავნა შეუძლებელია.

12. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები

12.1. ხელშეკრულების სტანდარტული პირობა არის მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის დადგენილი, წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისთვის გამიზნული პირობა, რომლის გაცნობის შესაძლებლობა მომხმარებელს ჰქონდა.

12.2. მომხმარებლისთვის წერილობითი ფორმით შეთავაზებული ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მარტივ და მისთვის გასაგებ ენაზე უნდა იყოს ჩამოყალიბებული. პირობა, რომელიც მისი ორაზროვნად განმარტების საშუალებას იძლევა, მომხმარებლის სასარგებლოდ განიმარტება.

12.3. ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტულ პირობების მომწესრიგებელი ნორმები გაწერილია მომხმარებლების უფლებათა დაცვის საქართველოს კანონით.

13. სხვა დებულებები

13.1. უსამართლო კომერციული საქმიანობა აკრძალულია.

13.2. ის რაც არ არის გათვალისწინებული მოცემულ პოლიტიკაში, მოწესრიგებულია მომხმარებლების უფლებათა დაცვის საქართველოს კანონით.

13.3. მომხმარებელთან ურთიერთობისთვის მოვაჭრეს გააჩნია კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია წინამდებარე პოლიტიკასთან და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან.

13.4. მომხმარებლებთან წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება ურთიერთშეთანხმებით. მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულების შემდგომ დავა გადაწყდება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ქართული კანონმდებლობის მიხედვით. მომხმარებელს ასევე უფლება აქვს მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს.

13.5. მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის ნებისმიერი სახის ოფიციალური კომუნიკაცია შეიძლება წარიმართოს როგორც ზეპირსიტყვიერად, ისე მხარეთა მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

13.6. წინამდებარე პოლიტიკა ძალაშია 30.06.2023.